„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სანქციებზე

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს კომპიუტერული სისტემა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე განყოფილებაში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების დაგეგმვასა და გამოყენებაზე.

ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

ანონიმური წყაროების ცნობით, ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოსა (OFAC) და ფინანსური კვლევების სამმართველოს (OFR) სერვერები. გარდა ამისა, ჰაკერები ცდილობდნენ, გაეტეხათ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უფროსის, ჯანეტ იელენის ოფისი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენებს აცნობა, რომ ჰაკერებმა „მსხვილი ინციდენტის“ დროს მოიპარეს დოკუმენტები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავდა, ასევე გატეხეს კიბერუსაფრთხოების მომსახურების გარე მომწოდებელი კომპანია BeyondTrust.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ჩინური ორგანიზაციები, რომლებსაც აშშ-მა შესაძლოა, დაუწესოს ფინანსური სანქციები. დეკემბერში ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს სანქციების დაწესებას ჩინური ბანკების წინააღმდეგ, რადგან მათი ნაწილი რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა არ გააკეთა კომენტარი „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციაზე. თავის მხრივ, აშშ-ში ჩინეთის საელჩოს პრესმდივანმა, ლიუ პენიუიმ გაზეთის ინფორმაცია შეაფასა როგორც „ირაციონალური“, „ფაქტობრივი საფუძვლის არმქონე“ და პეკინზე „ცილისმწამებლური თავდასხმა“. მისი მტკიცებით, ჩინეთი „ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას“.