უსაფრთხოების ახალი სისტემა თუ არ შეიქმნება, უკრაინა შესაძლოა, კვლავ ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს - ვალერი ზალუჟნი

 ვალერი ზალუჟნი

გლობალურ მოთამაშეებს შორის არ არსებობს ძალა, რომელიც ომს დამოუკიდებლად დაასრულებს, – ამის შესახებ განცხადება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობები სამეფო ინსტიტუტში „ჩეთემ ჰაუსში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ზალუჟნი გამოდის მოწოდებით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ კონფლიქტად განიხილონ. მისივე თქმით, თუ არ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, უკრაინა შესაძლოა, კვლავ ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს.

„მოდი, სიმართლე ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ეს უკვე აღარ არის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ეს უკვე არის გლობალური პრობლემა. გლობალური პრობლემა კი მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტას. რას ნიშნავს ეს? უნდა მოიძებნოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ შორეულ ან ახლო მომავალში, ვთქვათ შემდეგი 100 წლის განმავლობაში, რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ახალი ომი დაიწყოს ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, დღეს საერთშორისო ასპარეზზე არც ერთი გლობალური მოთამაშე არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის.

„ბევრ მათგანს აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მზად იქნებიან წინა ხაზზე საბრძოლველად. ზოგიერთებს აქვს რესურსი, თუმცა არ შეუძლიათ სათანადო რაოდენობით იარაღის წარმოება“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა უფროსმა.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ომი შეიძლება, ახლა შეწყდეს, მაგრამ ეს არასაკმარისია. თუ ომი დასრულდება, მაგრამ არ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, ეს მიგვიყვანს ახალ ომამდე“, – თქვა ზალუჟნიმ.