უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველი რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს - ბორის რუგე

ბორის რუგე

უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველი რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს,-  ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბორის რუგემ LRT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რუგეს თქმით, ალიანსი მოკავშირეების ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დაცვაზეა ორიენტირებული.

„ამჟამად არ არსებობს განზრახვა, ჩამოვაგდოთ უკრაინის საჰაერო სივრცეში, ჩვენს საჰაერო სივრცესთან მოახლოებული დრონები ან ბალისტიკური რაკეტები. ზოგიერთი ქვეყანა ამის გაკეთებას გვთავაზობს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რუგემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ალიანსის პოზიციაა დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე და ტერიტორია.

„ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. სულ ახლახანს, გერმანელებმა დამატებითი „პეტრიოტის“ სისტემები გადასცეს. ამ გზით ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავდაცვაში. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, უკრაინას გავუგზავნოთ აღჭურვილობა რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად“, – აღნიშნა რუგემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამართლიანი იქნებოდა სხვა სახელმწიფოებთან უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონების ჩამოგდების შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი.