1731445216
უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან - ჟოზეფ ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კიევში მისი ვიზიტის მიზანია აშშ-ის არჩევნების შემდეგ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება. ვიზიტის მიზანზე ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიჰასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საჭიროა უკრაინის დახმარების გაზრდა და დაჩქარება.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. მეტი სამხედრო მხარდაჭერა, წვრთნების მეტი შესაძლებლობა, მეტი ფული, უფრო სწრაფი მიწოდება და ასევე მტრის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების ნებართვა. არ არის საკმარისი ისრების შეჩერება, თქვენ უნდა დაესხათ თავს მეისრეებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მიწოდება და შევამციროთ ჩვენ მიერ დაწესებული წითელი ხაზები. ნაკლები თვითდაწესებული წითელი ხაზი, რადგან უკრაინისთვის დრო იზომება ადამიანების სიცოცხლით“, – განაცხადა ბორელმა.
როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„მშვიდობის მიღწევის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ერთადერთი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია მკაფიოა: უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ, ევროკავშირი ამ საკითხში მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით, თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. პუტინს არ სურს მოლაპარაკებები და არ წავა მოლაპარაკებებზე, ვიდრე მას ამას არ აიძულებენ“, – განაცხადა ბორელმა.