უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების რეფერენდუმის გზით დამტკიცების იდეაზე

უკრაინა

უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით 50-მა ჯგუფმა მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების რეფერენდუმის გზით დამტკიცების იდეაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რეფერენდუმის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-მა უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში განაცხადა, რომ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა რუსეთის სრულმასშტაბური ომის დასასრულებლად, რომელიც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმაშია ნახსენები, უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლოა, რეფერენდუმის გზით.

„სამშვიდობო შეთანხმებების ლეგიტიმაციის უკრაინელებისთვის რეფერენდუმის გზით თავს მოხვევის მცდელობა უკანონო და მიუღებელია, ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს და საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აფრთხილებენ მხარეებს მსგავს რეფერენდუმში რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევის შესახებ და დასძენენ, რომ უკრაინის კონსტიტუცია და კანონები საერთაშორისო ხელშეკრულებებისთვის რეფერენდუმს არ მოითხოვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტი ამტკიცებს ხელშეკრულებას, რომელიც ტერიტორიულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია უფლება მივცეთ უკრაინის პრეზიდენტს ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს, დადონ ისეთი შეთანხმება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და გულისხმობს მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილის დათმობას“, - ნათქვამია მიმართვაში.