1790161182
უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა და უკრაინის საზღვართან მდებარე აეროპორტების მუშაობა შეაჩერა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა და უკრაინის საზღვართან მდებარე აეროპორტების მუშაობა შეაჩერა.
იერიშების გამო ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები დროებით დაიხურა. ამასთან, საჰაერო საფრთხის გამო, დოროჰუსკისა და ზოსინის სასაზღვრო პუნქტებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
პოლონური მედიის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებული საჰაერო განგაში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სასაზღვრო პუნქტების თანამშრომლები ევაკუირებული იყვნენ. განგაშის დასრულების შემდეგ სასაზღვრო პუნქტებმა მუშაობა განაახლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 161 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 122-ის ჩამოგდება მოახერხეს.










