უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - საპასუხო დარტყმები, გარდაცვლილები და დაშავებულები ირანსა და ისრაელში

ისრაელი

პასუხის პასუხი - ცეცხლის ალში გახვეული იერუსალიმი და თელ-ავივი, ირანმა შურისძიების დროშის ქვეშ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა დაიწყო. მთავარი მიზანი "ცაჰალის" სრულ განადგურებაა.

სანამ აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის განადგურებაზე ფიქრობს, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისლამურ სახელმწიფოს გარედან და შიგნიდან უტევს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანელ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს. "ცაჰალი" ირანს კონკრეტულ მესიჯს უგზავნის. თუ ისრაელის რომელიმე ქალაქზე სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, თეირანი ბოლომდე დაიფერფლება.

თეირანი, თავრიზი, ქუმსი, ქერმანშაჰი, შირაზი, ხორმაბადი. 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და ორსაათნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა. ისრაელის საჰაერო ძალებმა ყველა დანიშნულების წერტილამდე სრული სიზუსტით უმოკლეს დროში მიაღწია. განადგურებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო ცენტრები, რომლებიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობდნენ, ლიკვიდირებულია გენერალიტეტი და მეცნიერთა ნაწილი.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე იმსჯელეს გაეროში. უშიშროების საბჭოს სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკისრებს.

დაპირისპირება მწვავდება, არცერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, ისლამური სახელმწიფო პირობას დებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ისრაელის დაცვას შეეცდებიან - ახლო აღმოსავლეთი მათ სამხედრო ბაზებს გაანადგურებს.

იერუსალიმსა და თეირანს შორის შეიარაღებული თავდასხმები გუშინ, მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომი" დაიწყო და ირანის კრიტიკულ ბაზებს შეუტია, რასაც საპასუხო იერიშები მოჰყვა, ორივე მხარეს არის ასობით დაშავებული. ირანმა ორდღიან კონფლიქტში 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, მსხვერპლია ისრაელშიც, სადაც ბოლო მონაცემებით 3 ადამიანი დაიღუპა.