თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და ცეცხლი გაუჩნდა - კანადაში მომხდარი ავიაკატასტროფის კადრები მედიაში ვრცელდება

კანადა ავიაკატასტროფა

კანადაში, ჰალიფაქსის სტენფილდის საერთაშორისო აეროპორტში, Air Canada-ს თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Dailimail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა, გასრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

როგორც მგზავრებმა მედიასთან კომენტარში განაცხადეს, დაფრენის დროს, თვითმფრინავი ერთ მხარეს გადაიხარა და გვერდულად დაეშვა, რის შემდეგაც შეჯახების ძლიერი ხმა გაისმა. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გვერდულად გასრიალა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია გეგმის მიხედვით, დროულად განხორციელდა, რის შემდეგაც ისინი, ავტობუსის საშუალებით, ავიაკატასტროფის ეპიცენტრს განარიდეს. ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.