1750017082
თურქეთში, ტურისტული საჰაერო ბურთების ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი

თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, ორი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპული ერთ-ერთი საჰაერო ბურთის პილოტია. საჰაერო ბურთები იჰლარას ხეობიდან აფრინდნენ და ტურისტულ ფრენას ახორციელებდნენ, როდესაც სოფელ გოზლუკუიუსთან ჩამოვარდნენ.
აქსარაის გუბერნატორის მეჰმედ ალი კუმბუზოღლუს განმარტებით, საჰაერო ბურთების ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, ქარის მკვეთრმა გაძლიერებამ გამოიწვია. მისი თქმით, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"სამწუხაროდ, ჩვენი მფრინავი გარდაიცვალა, რადგან კალათის ქვეშ გაიჭედა. ჩვენი ტურისტები კარგ მდგომარეობაში არიან, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მათი გამოკვლევა გრძელდება", - განაცხადა გუბერნატორმა.
საჰაერო ბურთების ვარდნის შედეგად, დაშავებულია 19 ინდონეზიელი და 12 ინდოელი ტურისტი.