წყალში დახრჩობას გადარჩენილ და იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარებულ 13 წლის ბიჭს უკვე მესამე კვირაა ეძებენ - ამასობაში მოზარდის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა

მდინარე

ბაშკირეთში 13 წლის მოზარდის ძებნა მესამე კვირაა გრძელდება. ბიჭი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა მდინარიდან ამოიყვანა, თუმცა როდესაც უფროსების დასახმარებლად დასაძახებლად წავიდა, უკან დაბრუნებულს მოზარდი ნაპირზე აღარ დახვდა. ამ დრომდე უცნობია, სად გაუჩინარდა ბავშვი და რა მოხდა მისი წყლიდან ამოყვანის შემდეგ.

მოზარდი 8 ნოემბერს, ბაშკირეთის მეჩეტლინის რაიონში დაიკარგა. ის მეგობართან ერთად სათევზაოდ იყო წასული, როდესაც წყალში აღმოჩნდა. მეგობარმა მისი ნაპირზე ამოყვანა შეძლო, თუმცა შემდეგ პირველადი დახმარების გასაწევად უფროსების მოსაძებნად გაიქცა. როდესაც დახმარება ადგილზე მივიდა, ბიჭი იქ აღარ იყო.

მოზარდის საძიებო სამუშაოებში მაშველები, მყვინთავები და მოხალისეები მონაწილეობენ. სამძებრო ღონისძიებებში სხვა რეგიონებიდან ჩასული მოხალისეებიც ჩაერთნენ. გასულ უქმეებზე ასობით ადამიანი მთელი დღე-ღამის განმავლობაში ათვალიერებდა ტერიტორიას, თუმცა ბავშვის კვალის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ოჯახს, რომელიც გაუჩინარებული ბიჭის შესახებ რაიმე ცნობას ელოდება, კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. გასულ ოთხშაბათს მოზარდის ბაბუა გარდაიცვალა. ნათესავების ვარაუდით, მამაკაცმა შვილიშვილის გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე განცდებს ვერ გაუძლო.

სასოწარკვეთილმა ახლობლებმა დახმარებისთვის ექსტრასენსებსაც მიმართეს — იმ იმედით, რომ ისინი მოზარდის ადგილსამყოფლის შესახებ რაიმე მინიშნებას მიაწვდიდნენ. თუმცა, როგორც გაუჩინარებული ბიჭის ბიძა აცხადებს, ამგვარმა მიმართვებმა ოჯახს მხოლოდ მეტი გაურკვევლობა მოუტანა და ძებნას არანაირად არ დახმარებია.

მიუხედავად მაშველებისა და მოხალისეების დიდი ძალისხმევისა, დღემდე გაურკვეველია, სად წავიდა მოზარდი მას შემდეგ, რაც მეგობარმა ის წყლიდან ამოიყვანა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

✕