„ცხელება ამ ვირუსზე ვერ მოქმედებს...“ - ახალი „პანდემიური საფრთხე“, რომელზეც მეცნიერები საუბრობენ

 ვირუსი

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ცხელება, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის მექანიზმია, ფრინველის გრიპის ვირუსზე ვერ მოქმედებს. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ადამიანის ჩვეულებრივი გრიპი ზედა სასუნთქ გზებში ვითარდება, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 33°C-ია. ცხელების დროს სხეულის ტემპერატურის 41°C-მდე აწევა ინფექციის პროგრესს ანელებს.

თუმცა, ფრინველის გრიპის ვირუსები ბევრად მაღალი ტემპერატურის პირობებში მრავლდება - ქვედა სასუნთქ გზებში და ფრინველებში 40–42°C ტემპერატურაზე, რაც ადამიანის ცხელებასაც კი აჭარბებს.

მეცნიერებმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. პროცესში ისინი ადამიანის ცხელების მსგავს ტემპერატურაზე იმყოფებოდნენ. ასეთ დროს ორგანიზმში ჩვეულებრივი გრიპი ვერ მრავლდებოდა, მაგრამ ფრინველის გრიპი აქტიურობას არ კარგავდა და მძიმე დაავადებას იწვევდა.

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი სემ უილსონი, აცხადებს, რომ ადამიანებში ფრინველის გრიპის ინფექციები იშვიათია, მაგრამ სიკვდილიანობა გამაფრთხილებლად მაღალი რჩება. ამიტომ, ფრინველის გრიპის პოტენციური პანდემიისთვის მზადება აუცილებელია.

ფრინველის გრიპის საფრთხე კვლავ იზრდება

კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის შტატში ამერიკელი დაიღუპა ფრინველის გრიპის შტამით, რომელიც აქამდე ადამიანებში არ ფიქსირდებოდა - ეს იყო აშშ-ში მხოლოდ მეორე ლეტალური შემთხვევა.

ევროპელ ექსპერტებსაც უფრო მწვავე პანდემიის ეშინიათ. მათი თქმით, ფრინველის გრიპის შესაძლო აფეთქება COVID-19-ზე უფრო მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

შემოდგომაზე, მიგრირებადი ფრინველების გამო, ინფექციების მატება მოსალოდნელია, რაც ვირუსის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრინველის გრიპი ადამიანებს შორის გადამდები გახდა, შესაძლოა ახალი გლობალური კრიზისი დაიწყოს.