წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა ღაზას დღეს 15 პალესტინელის ცხედარი გადასცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა ღაზას 15 პალესტინელის ცხედარი გადასცა.

მათივე ცნობით, სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის გადაცემული ცხედრების საერთო რაოდენობამ 165-ს მიაღწია.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დღეს ხელი შეუწყო გარდაცვლილი პალესტინელების ღაზის ხელისუფლებისთვის გადაცემას. ღაზის ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა დაადასტურეს, რომ დღეს მიღებულთა რაოდენობა 15-ია“, – ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.

როგორც Times of Israel წერს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, თითოეული ისრაელელის ცხედრის დაბრუნების სანაცვლოდ, ისრაელი ღაზის ხელისუფლებას 15 პალესტინელის ცხედარს უბრუნებს. ცნობისთვის, დღეს „ჰამასის“ ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა, ისრაელს დარჩენილი 15 მძევლის ცხედრები გადასცეს, თუმცა ამისთვის მას მეტი დრო და მძიმე ტექნიკა დასჭირდება. მისი განმარტებით, ზოგიერთი ცხედარი მიწის ან ნანგრევების ქვეშაა.