პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს“, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ბლოგზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
„ცხადია, რომ რუსეთი და ასევე ჩინეთიც, ცენტრალური აზიის რეგიონში მთავარ როლს თამაშობდნენ და ახლაც ასეა. ამასთან ერთად, ცხადია, რომ რეგიონს სურს ურთიერთობების დივერსიფიცირება და ისინი ევროკავშირს განიხილავენ მისაღებ პარტნიორად“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ცენტრალურ აზიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
„ჩვენ უნდა გავაღრმაოთ კავშირები რეგიონთან და ვისარგებლოთ უზარმაზარი პოტენციალით, რომელიც მას აქვს ენერგომომარაგების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდებისა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების სახით, რომლებიც არ არიან დამოკიდებული რუსეთზე. (ე.წ. შუა დერეფანი ან ტრანსკასპიური დერეფანი)“, – წერს ბორელი.
მისივე თქმით, „რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი“ უკვე მუშაობს შუა დერეფნის ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე. როგორც ბორელი აცხადებს, არის სარკინიგზო გზების თავსებადობასთან დაკავშირებული პრობლემები, გემებისა და პორტების არასათანადო შესაძლებლობები და ასევე საბაჟო პროცედურები.
„ცხადია, არსებობს კონკრეტული დაბრკოლებები, მაგრამ ასევე არსებობს ერთობლივი ვალდებულება და სტრატეგიული ინტერესი, რომ ეს დაბრკოლებები გადაილახოს, მათ შორის ევროკავშირის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“ და „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მხარდაჭერით“, – წერს ბორელი.
17-18 ნოემბერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთსა და უზბეკეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო „ევროკავშირი-ცენტრალური აზიის დაკავშირების კონფერენციაში“. ტრანსკასპიური შუა დერეფანი გაივლის ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროპის ქვეყნებს.