1771531835
ტრამპმა პენტაგონსა და სხვა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უზარმაზარი ინტერესიდან გამომდინარე, პენტაგონს და სხვა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებთან და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება დაავალა.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოებმა უნდა მიაწოდონ „ამ უაღრესად რთულ, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია“.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტს Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტმა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადების შესახებ ჰკითხა, რომ „უცხოპლანეტელები რეალურად არსებობენ“, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „კლასიფიცირებული ინფორმაცია“ გაამჟღავნა.
„არ ვიცი, ისინი რეალურები არიან, თუ არა. შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია მოგვაწოდა. მან დიდი შეცდომა დაუშვა. მე არასდროს ვსაუბრობ ამაზე. ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს. ბევრ ადამიანს სჯერა ამის“, – განაცხადა ტრამპმა.










