ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაზე დახარჯულ სახსრებს დაიბრუნებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ არა მხოლოდ უკრაინაზე დახარჯული ყველა სახსრის დაბრუნებას, არამედ იმაზე მეტის მიღებასაც შეძლებს და ამაში ვაშინგტონს კიევთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ დადებული შეთანხმება დაეხმარება.

პრესასთან საუბრისას ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ახლა აშშ-ს „არაფერი უჯდება“, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი კიევს 350 მილიარდი უბრალოდ მისცა.

„მე დავაბრუნე ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ჩვენ დავდეთ შეთანხმება იშვიათი ლითონების შესახებ, შევედით ამ სფეროში და ჩვენ ამ ფულის დიდ ნაწილს დავიბრუნებთ. შესაძლოა, მთელ ფულს, შესაძლოა იმაზე მეტსაც კი, ვიდრე დავხარჯეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა „უახლოეს მომავალში“ მოხდება.