ტრამპის ელჩმა ახლო აღმოსავლეთში ინაუგურაციამდე ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ნეთანიაჰუსთან და კატარის პრემიერთან მოლაპარაკებები გამართა - Reuters

ტრამპი

სტივ ვიტკოფი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი ელჩი ახლო აღმოსავლეთში, გასულ თვეში კატარსა და ისრაელში გაემგზავრა, რათა დაეწყო დიპლომატიური ძალისხმევა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად, ვიდრე 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ვიტკოფი ნოემბრის ბოლოს ცალ-ცალკე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანის“, - იტყობინება წყარო.

ისრაელში ის ასევე შეხვდა მძევლების ოჯახებს, განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს.

ვიტკოფი მათ „ტრამპის გუნდის ძალისხმევაზე ესაუბრა, რათა ეცადონ და ხელი შეუწყონ შეთანხმების მიღწევას ინაუგურაციამდე“, - ამბობს ოფიციალური წარმომადგენელი.

როგორც წყარომ სააგენტოს განუცხადა, შეხვედრები მიუთითებს იმაზე, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფო - კატარი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში კვლავ იქნება მთავარი შუამავალი მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ეს ძალისხმევა შეაჩერა.

წყარო დასძენს, რომ მოლაპარაკებებში  „ჰამასის“ წარმომადგენლები, სავარაუდოდ, დაბრუნდებიან კატარის დედაქალაქ დოჰაში, რათა ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

„არსებობს გეგმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდზე, რომელიც პოტენციურად მალე დოჰაში გაიმართება, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული“, - ამბობს წყარო.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ მისი მორატორიუმი მედიაციის მცდელობებზე ძალაში რჩება.