ტრამპი: პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის - ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება დადოს, წარმოუდგენელია, რომ ის არის დაბრკოლება, ახლა მას კიდევ უფრო ნაკლები კოზირი აქვს

დონალდ ტრამპი

გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის ირგვლივ მოლაპარაკებები გრძელდება და კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.

„ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება დადოს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ომის დასასრულებლად.

„ვფიქრობ, პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, ტრამპმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერი მოლაპარაკებებისთვის საკმარის მზაობას არ იჩენს.

„წარმოუდგენელია, რომ ის [ზელენსკი] არის დაბრკოლება“, - განაცხადა ტრამპმა. „შენ კოზირები არ გაქვს. ახლა მას კიდევ უფრო ნაკლები კოზირი აქვს“.