საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
1744994615
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, კრისტოფერ კრებსისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის გასაუქმებლად შესაბამის უწყებებს მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტის მემორანდუმში „კრის კრებსთან და სამთავრობო ცენზურასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრა“.
როგორც განკარგულებაშია ნათქვამია, ფედერალურ მთავრობას კონსტიტუციური ვალდებულება და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ პატივი სცეს და ხელი შეუწყოს ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლებას.
„მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მთავრობაში ელიტარული ლიდერები უკანონოდ ახორციელებდნენ სიტყვის ცენზურას და იყენებდნენ თავიანთ დაუმსახურებელ გავლენას, რათა გაეჩუმებინათ სავარაუდო პოლიტიკური ოპონენტები და წინ წაეწიათ მათთვის სასურველი და ხშირად მცდარი ნარატივი საზოგადოებრივი დებატების მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ სამარცხვინო ქმედებებმა მიიღო იძულებითი მუქარის სახე კერძო სექტორის მიმართ, მათ შორის ძირითადი სოციალური მედიის პლატფორმების – კონსერვატიული ან განსხვავებული ხმების ჩახშობისა და საზოგადოებრივი აზრის დამახინჯების მიზნით. ამ ცენზურის დიდი ნაწილი განხორციელდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რისი აშკარა მიზანი იყო იდეების თავისუფალი გაცვლისა და დებატების შელახვა“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ მემორანდუმში.
როგორც პრეზიდენტის დოკუმენტშია აღნიშნული, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს CISA ყოფილი ხელმძღვანელი კრისტოფერ კრებსი არის მნიშვნელოვანი არაკეთილსინდისიერი აქტორი, რომელმაც იარაღად აქცია და ბოროტად გამოიყენა თავისი სამთავრობო უფლებამოსილება.
„კრებსის არამართლზომიერი ქმედებები მოიცავდა არასასურველი სიტყვის ცენზურას 2020 წლის არჩევნებისა და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით. CISA-მ, კრებსის ხელმძღვანელობით, ჩაახშო კონსერვატიული შეხედულებები სავარაუდო დეზინფორმაციასთან ბრძოლის საფარქვეშ, გადაიბირა და აიძულა სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები თავისი პარტიული მისია შეესრულებინათ. CISA ფარულად მუშაობდა, რათა დაემალა ამერიკელი საზოგადოებისთვის ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპთან დაკავშირებული სადავო ამბავი. კრებსმა, CISA-ს მეშვეობით, ხელი შეუწყო საარჩევნო ინფორმაციის ცენზურას, მათ შორის ხმის მიცემის გარკვეულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ ცნობილ რისკებს. ანალოგიურად, კრებსმა, CISA-ს მეშვეობით, ტყუილად და უსაფუძვლოდ უარყო 2020 წლის არჩევნების გაყალბება და მოპარვა, კატეგორიულად უარყო ფართო საარჩევნო დარღვევები და ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებული სერიოზული რისკები. კრებსმა დაამახინჯა კეთილსინდისიერი დებატები COVID-19-ის შესახებ და სცადა ფართოდ გაზიარებული შეხედულებების დისკრედიტაცია, რომლებიც CISA-ს პერსპექტივას ეწინააღმდეგებოდა“, – ნათქვამია მემორანდუმში.
აღნიშნული განცხადების თანახმად, ეს ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პირველ შესწორებას და ძირს უთხრის მთავრობისადმი ნდობას.
„მათ, ვინც ჩართულია ან მხარს უჭერს ამგვარ ქმედებებს, არ უნდა ჰქონდეთ წვდომა ქვეყნის საიდუმლოებებზე. შესაბამისად, მე მივმართავ აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რათა გააუქმონ კრისტოფერ კრებსის წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.
ტრამპი ასევე მიმართავს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული დაზვერვის დირექტორს და სხვა შესაბამის უწყებებს, სასწრაფოდ მიიღონ ყველა საჭირო ზომა კრებსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ფიზიკური პირებისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის გასაუქმებლად დამატებით შემოწმებამდე.
გარდა ამისა, ტრამპი ავალებს გენერალურ პროკურორს და შიდა უსაფრთხოების მდივანს, მიიღონ ყველა სათანადო ზომა, რათა შეისწავლონ კრებსის, როგორც სამთავრობო უწყების თანამშრომლის საქმიანობა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.
დონალდ ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან კრისტოფერ კრებსი 2020 წლის ნოემბერში გაათავისუფლა. კრებსი არ აღიარებდა დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა.