ტრამპი: ილონ მასკი ყოველთვის მომწონდა, ცუდი პერიოდი და მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის მომეწონება

მასკი და ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიმართ კეთილგანწყობა დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამერიკელი კონსერვატორის, ჩარლი კირკის დაკრძალვის შემდეგ ის და მასკი დროდადრო საუბრობენ.

„მე ყოველთვის მომწონდა ილონი. ცუდი პერიოდი ჰქონდა. ცუდი მომენტიც ჰქონდა. თუმცა მე მომწონს ილონი და ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის მომეწონება“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება ხარჯების გაზრდის კანონპროექტის გამო დაიწყო. ტრამპის მიერ მხარდაჭერილი, ე.წ. დიდი მშვენიერი კანონპროექტი მასკის აზრით, „საზიზღარი სისაძაგლე“ იყო და მნიშვნელოვნად გაზრდიდა საბიუჯეტო დეფიციტს.