ტრამპი ბაიდენისგან თეთრ სახლში მიწვევაზე დათანხმდა და მასთან შეხვედრას გამართავს

ტრამპი და ბაიდენი

აშშ-ს არჩევნებში ახლად გამარჯვებული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენისგან მიღებულ მიწვევაზე დათანხმდა. ამის შესახებ ცნობა ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა სტივენ ჩენგმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი შეხვედრის მოლოდინშია, რომელიც მალევე შედგება, და [ტრამპი] ძალიან მადლობელი იყო ზარის", - განაცხადა ჩენგმა.

დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ბაიდენმა ტელეფონით მიულოცა და იგი თეთრ სახლში მიიწვია. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველყოფის ვალდებულებასა და ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას. გამარჯვება ტრამპს ასევე მისმა მეტოქემ, ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც მიულოცა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ხმების დათვლის პროცესი საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ტრამპს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 295 ხმა აქვს მიღებული. არჩევნებში გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.