ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრას ელოდება

ტრამპი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელოდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა უკრაინის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ვეტყვი, „როგორ ხარ?“ ის რთულ სიტუაციაშია. იქ არასდროს უნდა აღმოჩენილიყო“.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის შესახებ.

„როგორც იცით, ვლადიმერმა დამირეკა. თქვა: „შემიძლია, ირანთან დაკავშირებით დაგეხმარო?“ ვუთხარი: „არა, ირანთან დახმარება არ მჭირდება. შენთან მჭირდება დახმარება“ და იმედი მაქვს, რუსეთთან გარიგებას მოვახერხებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი არ მოხდებოდა მისი ადმინისტრაციის პირობებში.

„სამარცხვინოა. 6 000 ჯარისკაცი დაიღუპა გასულ კვირას. მეტი, 6 500 ჯარისკაცი დაიღუპა გასულ კვირას. რუსეთი, უკრაინა – ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი“, – განაცხადა ტრამპმა.