ტრამპი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკისთვის ბრიტანული ბაზებით სარგებლობაზე - „ამას ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა“

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკისთვის, ესარგებლა ბრიტანული ბაზებით.

ტრამპის თქმით, ორ მოკავშირეს შორის ასეთი ყოყმანი უპრეცედენტოა.

„ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ზედმეტად ბევრი“, – განაცხადა ტრამპმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა და ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს.

„აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების გამოყენების ნებართვა კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონში ირანის სარაკეტო დარტყმები, რაც უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს, ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და არტყამს ქვეყნებს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებენ“, – განაცხადა სტარმერმა.