1785859952
ტრაგედია MMA-ის სამყაროში - შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა
შერეული ორთაბრძოლების (MMA) ბრაზილიელი მებრძოლი, ალან ნასიმენტო, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.
UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენი 3 აგვისტოს დილით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ძილში გულის შეტევა დაემართა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – ნათქვამია UFC-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ალან ნასიმენტო UFC-ს 2021 წელს შეუერთდა. მისი ბოლო ორთაბრძოლა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა, სადაც მიტჩ რაპოსოსთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
სპორტსმენის პროფესიული კარიერა წარმატებული იყო. MMA-ში მან 29 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 22 მოიგო და 7 წააგო. UFC-ში კი მის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 მარცხი იყო.
ალან ნასიმენტოს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს შესაბამისი უწყებები დამატებით შეისწავლიან.










