The Telegraph: მაკრონი სტარმერის გეგმის ალტერნატივად უკრაინაში გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას განიხილავს

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნის იდეას მხარს აღარ უჭერს და მის ალტერნატივად გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, მაკრონმა ეს საკითხი 20 მარტს გამართულ ევროკავშირის სამიტზე წამოწია, რომელსაც აგრეთვე გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ესწრებოდა.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, ევროკავშირის ჯარის გაგზავნის იდეას უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც არ ემხრობა. ამის მაგივრად ის უკრაინას საჰაერო და საზღვაო დაცვას ჰპირდება.

აღსანიშნავია, როგორც გამოცემა წერს, მარკონის გარდა უკრაინაში ევროკავშირის ჯარების გაგზავნის იდეას სკეპტიკურად სხვა ქვეყნებიც უყურებენ. ასე, მაგალითად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის. იტალიის მთავრობის თავმჯდომარის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ჯარების გაგზავნა არის „ძალიან რთული, სარისკო და არაეფექტური“.

ცნობისთვის, 17 მარტს ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების დღიდან მის მონიტორინგს 30-ზე მეტი ქვეყანა გაუწევს.