LIVE: სპეციალური ბრიფინგი სუსში
1775124218
აშშ-ის გარეშე ნატო სრულიად შიშველი რჩება, - სტატიას ამ სათაურით The Telegraph-ი აქვეყნებს.
„ეს იქნებოდა ყველაზე დიდი განქორწინება ისტორიაში. რვა ათწლეულის განმავლობაში ნატომ გაუძლო შიდა უთანხმოებებს, მტრის შეთქმულებებსა და საბრძოლო მოქმედებებს ბოსნიაში, კოსოვოსა და ავღანეთში. მაგრამ თუ დონალდ ტრამპი სისრულეში მოიყვანს თავის მუქარას და საბოლოოდ დატოვებს ალიანსს, ტრანსატლანტიკური ოჯახი დაიმსხვრევა. ამ მომენტში, კლუბმა, რომელიც საკუთარ თავს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსს უწოდებს, შეიძლება თავისი კარებიც კი დაკეტოს. ხოლო ტკივილი, შესაძლოა, ყველაზე მწვავე და მწარე განქორწინებების ტკივილს გაუტოლდეს“, - წერს სტატიის ავტორი - გამოცემის მთავარი ანალიტიკოსი საგარეო საქმეებში როლანდ ოლიფანტი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ნატოს მთლიანი თავდაცვის ხარჯების 60%-ზე მეტი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის და სწორედ ის უზრუნველყოფს ალიანსის სამხედრო ძალის ძირითად ნაწილს, განსაკუთრებით ზღვაზე, ჰაერში და ბირთვულ შეკავებაში. აშშ-ს ჰყავს 1,3 მილიონი აქტიური სამხედრო მოსამსახურე - მთელი მილიონით მეტი, ვიდრე თურქეთს, რომელიც სიდიდით ნატოს მომდევნო სამხედრო ძალაა. ამასთან, აშშ ნატოსთვის მხოლოდ ყველაზე დიდი წევრი კი არაა, არამედ ფუნდამენტური საყრდენია, რომელზეც მთელი ალიანსის ლოგისტიკა, დაზვერვა და ერთიანობა დგას.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აქამდე რუსეთი ერიდებოდა ნატოსთან პირდაპირ კონფლიქტს, მაგრამ ამერიკის სამხედრო და ბირთვული ძალის გარეშე, პუტინისთვის ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის რისკი მისაღები გახდება, რაც ევროპაზე თავდასხმის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ოლიფანტი ასევე წერს, რომ ეს „განქორწინება“ თავად ამერიკასაც დააზარალებს, რადგან ის დაკარგავს გლობალური გავლენის ბერკეტებს, სამხედრო ბაზებს ევროპაში და ერთგულ მოკავშირეებს ჩინეთთან შესაძლო მომავალ კონფლიქტში.
„სწორედ ამ მიზეზების გამო, და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს არ შეუძლია ნატოდან გასვლა სენატის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედის) მხარდაჭერის ან კონგრესის აქტის გარეშე, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე საშინელი შიშები არ გამართლდეს. მართლაც, ოფიციალური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარეშეც კი, ამერიკას მოკავშირეები და ორმხრივი კავშირების შენარჩუნება მომავალშიც დასჭირდება. საბოლოო ჯამში, ანგლო-ამერიკული ალიანსი ნატოზე ბევრად ძველია. ხოლო ფრანკო-ამერიკული ალიანსი ჯერ კიდევ 1778 წლიდან იღებს სათავეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი მიიჩნევს, რომ ევროპას აშშ-ის გარეშეც შეუძლია თავის დაცვა და ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ თუ ამერიკა თავად გახდება მათი მტერი, მსოფლიო სრულიად შეიცვლება.