The New York Times: მშვიდობის მისაღწევად უფრო მეტი უკრაინელი განიხილავს იმას, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო - ტერიტორიების დათმობას

Tyler Hicks/The New York Times

კრისტინა იურჩენკო ბევრს შრომობდა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში, დონბასში, ცხოვრების ასაწყობად, სადაც მთელ ენერგიას საკუთარ პოპულარულ საცეკვაო სტუდიას ახმარდა, თუმცა, მისივე თქმით, მდგრადი მშვიდობის სანაცვლოდ ის ყველაფერს დათმობდა - იურჩენკო იმ უკრაინელთა მზარდ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აცხადებენ, რომ ომის დასასრულებლად რუსეთს დონბასის იმ ნაწილსაც გადასცემდნენ, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინა აკონტროლებს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „მშვიდობის მისაღწევად უფრო მეტი უკრაინელი განიხილავს იმას, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო - ტერიტორიების დათმობას“.

სტატიის თანახმად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ომით დაღლილ საზოგადოებაში ტერიტორიულ დათმობებზე თანხმობის მაჩვენებელი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მიიღებს.

„ეს მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებაზე ომით დაღლილი უკრაინელი მოსახლეობის განწყობებში. იმ ტერიტორიების დათმობა, რომელთა დაკავებაც რუსეთმა ვერ შეძლო, დიდი ხნის განმავლობაში „წითელ ხაზად“ მიიჩნეოდა. თუმცა, ის, რაც ადრე შეუძლებლად ჩანდა, ახლა ასე აღარ აღიქმება, რადგან კრემლი დაჟინებით აცხადებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ, თუ უკრაინა დონბასზე უარს იტყვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

„ჩემთვის მშვიდობა პრიორიტეტია და თუ დონბასის დათმობის შემდეგ ომი ნამდვილად აღარ იქნება, მე მზად ვიქნებოდი [ამ ტერიტორიის] დასატოვებლად“, - განუცხადა კრისტინა იურჩენკომ გაზეთ The New York Times-ს. მისივე თქმით, ის ტერიტორიების დათმობას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ უკრაინის მოკავშირეები ქვეყნის ომისშემდგომი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უზრუნველყოფდნენ.

უკრაინა წლების განმავლობაში აძლიერებდა დონბასის ქალაქების თავდაცვას და ამ ინდუსტრიული რეგიონის დასაცავად უამრავი ჯარისკაცი დაკარგა. ეს ტერიტორია რამდენიმე რეგიონის ნაწილს მოიცავს, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს. უკრაინა კვლავ აკონტროლებს დონეცკის ოლქის დაახლოებით 20 პროცენტს, თუმცა ლუგანსკის ოლქი სრულად დაკარგა.

„რუსეთისთვის დონბასის დაკავება - სადაც მოსკოვმა ბევრად მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - შესაძლოა გარკვეული გამარჯვების გამოცხადების საბაბი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს: მთელი უკრაინის დამორჩილებას“, - წერს სტატიის ავტორი.

საჯარო განცხადებებში ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა კვლავ წინააღმდეგია დონბასიდან ცალმხრივი გასვლისა. თუმცა, დროდადრო ის მოქნილობაზეც მიანიშნებს და ამბობს, რომ როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა მზად უნდა იყვნენ კომპრომისისთვის, რადგან უკრაინა სულ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ ექცევა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

გამოკითხვები ტერიტორიული დათმობების მიმართ მზარდ მზაობას ასახავს.

2022 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა დედაქალაქ კიევთან რუსული არმია უკუაგდეს, კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელთა 82 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანას ტერიტორიები არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაეთმო.

ინსტიტუტის უახლეს კვლევაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, რესპონდენტთა 40-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა დონბასის დათმობას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

ანალიტიკოსების აზრით, დონბასის დათმობამ შესაძლოა უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს. ამან ასევე შესაძლოა შეცვალოს პრეზიდენტ ზელენსკის მემკვიდრეობა და ის გმირი ლიდერიდან, რომელმაც სახელმწიფო დაიცვა, შეიძლება გადაიქცეს ლიდერად, რომელმაც რუსეთს უკრაინის მიერ კონტროლირებადი იმ ტერიტორიების ოკუპაციის საშუალება მისცა, სადაც ამჟამად 190 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სავარაუდოდ, ბევრი მათგანი რუსული მმართველობის ქვეშ დარჩენას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადასვლას ამჯობინებს.