The New York Times: აშშ-ში მიიჩნევდნენ, რომ ისრაელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ლიკვიდაციას გეგმავდა

ისრაელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ, რომ ისრაელი ირანის მთავარი მომლაპარაკებლების ლიკვიდაციას გეგმავდა, რასაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაეშალა. ინფორმაციას The New York Times-ი მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო სტრატეგიის ნაწილი ომის დაწყებიდანვე ირანის მაღალი რანგის ლიდერების ლიკვიდაცია იყო. თუმცა, ვაშინგტონი განსაკუთრებულად შეშფოთდა მაშინ, როდესაც გაირკვა, რომ შესაძლო სამიზნეებად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი განიხილებოდნენ.

წყაროების ცნობით, აპრილში, როდესაც ცეცხლის შეწყვეტისა და დროებითი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში შევიდა, აშშ-ის ხელისუფლებას ეშინოდა, რომ ამ ორი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის ნებისმიერი მცდელობა სამშვიდობო პროცესს ჩაშლიდა.

სტატიის თანახმად, სწორედ ამიტომ ვაშინგტონმა რეგიონის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა, ირანი გაეფრთხილებინათ, რომ ისრაელს, შესაძლოა, აღნიშნული ოფიციალური პირები მიზანში ამოეღო.

ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ომის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე აბას არაღჩი და მოჰამად ბაღერ ღალიბაფი, როგორც ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ისრაელისთვის სამხედრო თვალსაზრისით ლეგიტიმურ სამიზნეებად შეიძლებოდა მიეჩნიათ, რადგან ისრაელის მიზანი ირანის მკაცრი კურსის მქონე ხელისუფლების დასუსტება იყო. თუმცა, მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, მათი ლიკვიდაციის მცდელობა, ამერიკული მხარის შეფასებით, დიალოგს დაასრულებდა და სამხედრო დაპირისპირებას ხელახლა გაამწვავებდა.