„თალიბანმა“ ავღანეთში ცხრა თვის წინ დაკავებული აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა

მლ

„თალიბანმა“ ავღანეთში ცხრა თვის წინ დაკავებული აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ამირ ამირი, რომელიც ავღანეთში 2024 წლის დეკემბერში დააკავეს, კატარის შუამავლობით გაათავისუფლეს და ის ახლა დოჰაში მიემგზავრება.

მედიის ინფორმაციით, ამირ ამირი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქაბულში ვიზიტით მძევლების საკითხებში ვაშინგტონის სპეციალური წარმომადგენელი ადამ ბოელერი ჩავიდა. ბოელერის ვიზიტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებიდან ერთი კვირის შემდეგ შედგა. ტრამპმა „თალიბანს“ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდა და დაიმუქრა, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ავღანეთს „ცუდი რამ“ დაემართებოდა.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე საზღვარგარეთ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი სამშობლოში არ დაბრუნდება“, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას.

ცნობისთვის, ამირ ამირი წელს „თალიბანის“ მიერ კატარის შუამავლობით გათავისუფლებული ამერიკის რიგით მეხუთე მოქალაქეა. ზუსტად ათი დღის წინ კი „თალიბანმა“ ავღანეთში რვა თვის წინ დაკავებული ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლა.