სტივ უიტკოფმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის 20-პუნქტიანი გეგმის მეორე ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც დემილიტარიზაციას და ტექნოკრატიულ მმართველობას ითვალისწინებს

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის მეორე ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა.

უიტკოფის განცხადებით, ახალი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტიდან დემილიტარიზაციაზე, ტექნოკრატიულ მმართველობასა და რეკონსტრუქციაზე გადასვლას.

„მეორე ფაზა ითვალისწინებს ღაზაში გარდამავალი ტექნოკრატიული პალესტინური ადმინისტრაციის – ღაზის ადმინისტრირების ეროვნული კომიტეტის შექმნას და იწყებს ღაზის სრულ დემილიტარიზაციასა და რეკონსტრუქციას, რაც პირველ რიგში გულისხმობს ყველა არაავტორიზებული პირის განიარაღებას“, – წერს უოტკოფი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები „ჰამასისგან“ ელოდება თავისი ვალდებულებების სრულად შესრულებას, მათ შორის გარდაცვლილი ბოლო მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველმა ფაზამ ისტორიული ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყო, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდა, ყველა ცოცხალი მძევალი და 28 გარდაცვლილი მძევლიდან 27-ის ნეშტი დაბრუნებულია“, – აღნიშნავს უიტკოფი.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქვეყნებს – ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს, მათი შუამავლობისთვის.