სომხეთში უსაფრთხოების ძალებმა აქციის დროს ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ სამი მხარდამჭერი დააკავეს

სომხეთი

სომხეთში უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიანი აქციის ჩატარების დროს ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ სამი მხარდამჭერი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, დააკავეს „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის მხარდამჭერები: არტურ დემირჭიანი, ლუსინე გრიგორიანი და ოვნატან დემირჭიანი.

როგორც მოძრაობის პრესსამსახურმა სომხურ მედიას განუცხადა, აქციის დროს მათ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

ივნისის ბოლოს სომხეთში 17 ადამიანი დააკავეს „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის“ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ოპონენტი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. გალსტანიანი „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. ის იყო იმ მომიტინგეების ლიდერი, რომლებიც 2024 წელს პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. ივნისის ბოლოს ერევანში დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და მას ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებაში დასდეს ბრალი. თავად იერარქმა ამ ბრალდებებს შეთხზული უწოდა. აჯაპაჰიანის დაპატიმრებამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეჩმიაძინში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში მივიდნენ მთავარეპისკოპოსის დასაკავებლად.