დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დილის 08:00 საათის მდგომარეობით, საზღვარზე მდგომარეობა არ შეცვლილა.
„მოწინააღმდეგე განაგრძობს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი შეიარაღების გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, ართანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე, ასევე მიმდინარეობს პოზიციური შეტაკებები. მოწინააღმდეგე არ წყვეტს წინ წაწევის მცდელობებს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, სომხეთმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში აკრედიტირებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს.
სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით გრადის სისტემებით დაბომბეს სუნიქის ოლქის სოფელი ქარაშენი. დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა. ამასთან, გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სოფელ სოთქის მისამართით საარტილერიო ცეცხლის შედეგად ორი ქალი დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.
„ამით სომხური მხარე ცდილობს, დამალოს მის მიერ მოწყობილი მასშტაბური პროვოკაცია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„12 სექტემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებებზე ფართომასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა ისარგებლეს მთიანი რელიეფით და ხეობებით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიები სხვადასხვა მიმართულებებით დანაღმეს. ამას გარდა, სომხეთის შეიარაღებული ძალებმა სხვადახხვა ტიპის შეიარაღებიდან, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან, ინტენსიური ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში. შედეგად, არის მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებებზე არმიის დანაყოფები გადაისროლა და მტკიცე საპასუხო ზომები განახორციელა. აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთს საერთაშორისო სამართლისა და სამმხრივი შეთანხმების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.