სომხეთის პრემიერის პრესმდივანი თურქეთში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: სომხეთი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის მართვის მესამე მხარისთვის გადაცემას

სომხეთის დროშა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ განიხილავდა და არ განიხილავს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის ნებისმიერი მესამე მხარისთვის გადაცემას.

კითხვაზე - აშშ-ის ელჩმა თურქეთში, რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვაზე საუბრისას, ახსენა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილის აშშ-ის მიერ იჯარით აღების შესაძლებლობა, რომელზეც, ელჩის თქმით, „ზანგეზურის დერეფანი“ განხორციელდება. როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას? - ბაღდასარიანმა უპასუხა:

თქვენ მიერ ნახსენები ლექსიკა მიუღებელია სომხეთისთვის. ჩვენ ასევე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხს განიხილავს მხოლოდ სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის კონტექსტში. ჩვენ ვერ განვიხილავთ ვერანაირ სხვა ლოგიკას. რაც შეეხება მიწის იჯარას, სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ინსტიტუტი არსებობს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის, რომლებზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ხორციელდება. შესაბამისად, აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია.„სომხეთი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის მართვის მესამე მხარისთვის გადაცემას. სომხეთის ტერიტორიის არცერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან იურისდიქციის მიღმა“, - დასძინა მან.