სომალელმა მეკობრეებმა გემი გაიტაცეს - ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა

მეკობრე

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი M/V LUTUF, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა, სომალის პუნტლანდის სანაპიროსთან შეიარაღებულმა მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში.

Associated Press-ის ინფორმაციით, შემთხვევა 17 აგვისტოს, Eyl-ის რაიონში, Marraya-სთან დაახლოებით 3.5–4 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. გემზე რვა შეიარაღებული პირი ავიდა და ეკიპაჟზე კონტროლი დაამყარა.

M/V LUTUF-ის 10-კაციან ეკიპაჟში ექვსი ინდოეთის, ერთი თურქეთისა და ერთი საქართველოს მოქალაქეა. ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი სერბეთის მოქალაქე, შეიარაღებული დაცვის თანამშრომელია.

ქართველი მეზღვაურის ვინაობა ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა. ასევე, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის რომელიმე წევრი დაიღუპა ან დაშავდა. Associated Press-ის ბოლო ცნობით, მეზღვაურებისა და გემზე არსებული ტვირთის მდგომარეობა კვლავ უცნობია.

გემის მფლობელად Polar Movement Shipping სახელდება. არსებული ინფორმაციით, გემს თურქული იარაღი, ასევე საკომუნიკაციო და სატელიტური აღჭურვილობა გადაჰქონდა. ტვირთი მოგადიშოში მდებარე თურქეთის სამხედრო სასწავლო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი.

გატაცების შემდეგ მეკობრეებმა გემი ნუგაალის სანაპიროს მიმართულებით წაიყვანეს. ტერიტორიას თურქული ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები აკვირდებოდნენ.

Associated Press-ის ცნობით, სამშაბათს გემთან პატარა ნავი მივიდა, რომლითაც იქ მყოფ პირებს ხათი მიუტანეს - აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებული სტიმულაციური მოქმედების მქონე მცენარე. მას შემდეგ, რაც ნავი უკან გაბრუნდა, საჰაერო დარტყმა განხორციელდა.

AP-ის წყაროს ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ამ ეტაპზე დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის, ვინ განახორციელა საჰაერო იერიში და იყვნენ თუ არა დაღუპულები და დაშავებულები გემის გამტაცებელი მეკობრეები.

ინციდენტის შესახებ თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურმა - UKMTO-მ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ გემი რვა შეიარაღებულმა პირმა დაიკავა. მოგვიანებით გახდა ცნობილი გემის სახელწოდება და ეკიპაჟის შემადგენლობა.