გურამ დადიანიძის ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, სოფო ბიბილაშვილი შვილს მიმართავს
1787118671
აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ვაშინგტონის მოთხოვნით ვადაზე ადრე დასრულდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ახლო ურთიერთობაზე მითითებით, წვრთნების შემცირების მოთხოვნა გამოთქვა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ყოველწლიური სამხედრო სწავლება „ულჩითავისუფლების ფარი“ (UFS), რომელიც თავდაპირველად ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ახლა ხუთ დღეში, 21 აგვისტოს დასრულდება.
„პრეზიდენტისა და ომის მინისტრის მითითების საფუძველზე, თავდაცვის დეპარტამენტმა მნიშვნელოვნად შეამცირა სწავლება „ულჩი თავისუფლების ფარი“, თუმცა აგრძელებს წვრთნებს, რომლებიც ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ წვრთნების დასრულების ახალი თარიღი მას შემდეგ განისაზღვრა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ომის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს, სამხედრო სწავლების შემცირება სთხოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი ურთიერთობიდან“ გამომდინარეობდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეისთვის„სრულიად შეუსაბამო და მტრულ“ სიგნალს წარმოადგენდა.
ამასთან, „სიენენის“ ცნობით, ტრამპმა მიზეზად ირანთან ომში სამხრეთ კორეის მხრიდან დახმარების ნაკლებობაც დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ თავად კიმ ჩენ ინს ტრამპის მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ, KCNA-მ, გამოქვეყნებულ სტატიაში, მანამდე, სანამ წვრთნების შემცირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა, სწავლება „ფხენიანისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის ყველაზე უშუალო და აშკარა საფრთხედ“ მოიხსენია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა, განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების მიზანი „კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გაძლიერება“ არ ყოფილა. მისი თქმით, ეს არის „თავდაცვითი სწავლება“, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებასა და ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება.