1795082067
სი ძინპინი: ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს - საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს მოუწოდა, ბირთვული იარაღი სრულად აიკრძალოს და განადგურდეს.
მისი განცხადებით, ბირთვული იარაღი კაცობრიობისთვის „დამოკლეს მახვილს“ წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს თავზე ჰკიდია, ხოლო საბოლოო მიზანი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს.
„ბირთვული იარაღი კაცობრიობის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია. ის სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს, საბოლოო მიზანი კი ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნა უნდა იყოს“, - განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერის თქმით, ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. მან აღნიშნა, რომ ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული.
როგორც Reuters-ი წერს, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განიარაღების საკითხის განხილვას გეგმავდა.
ამასთან, პეკინი წლების განმავლობაში თავს არიდებდა ვაშინგტონთან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა იმსჯელონ, რადგან მათ გაცილებით დიდი ბირთვული არსენალი აქვთ.










