შვედეთის ფინანსთა მინისტრი ელისაბეტ სვანტესონი - ევროკავშირმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების მუქარას

ელისაბეტ სვანტესონი

ევროკავშირმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების მუქარას, – ამის შესახებ შვედეთის ფინანსთა მინისტრმა, ელისაბეტ სვანტესონმა განაცხადა.

სვანტესონი „აბსურდულად“ მიიჩნევს, რომ ტრამპი ტარიფებს გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების მუქარად იყენებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს გრენლანდიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. აბსურდულია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ტარიფებს მუქარის სახით იყენებს გრენლანდიის შესაძენად ან მის ხელში ჩასაგდებად. ეს, ასე ვთქვათ, აბსურდის ახალი დონეა. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, გააძლიეროს საკუთარი კონკურენტუნარიანობა. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია“, – განაცხადა სვანტესონმა.

შვედეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ერთად იმოქმედონ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება ბევრმა, სასურველია, ყველამ, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ. ვგულისხმობ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რადგან ახლა ყველაფერმა ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე არ გვინახავს. მესმის, რომ არსებობს შეშფოთება ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ აქ ყველაზე დიდი პრობლემა, ვფიქრობ, ტარიფები კი არა, არამედ, ბუნებრივია, ისაა, თუ რას აპირებს ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სვანტესონმა.

მისი თქმით, ტარიფები „დამაზიანებელია“, მაგრამ გლობალური ეკონომიკა შედარებით მდგრადი აღმოჩნდა ტრამპის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დაწესებული ტარიფების მიმართ.

„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ იმ გაგებით, რომ გვაქვს კარგი საფუძველი ეკონომიკისა და გამკლავების თვალსაზრისით“, – განაცხადა სვანტესონმა.