შეთანხმება, ძირითადად, უკვე მიღწეულია, საბოლოო დეტალები მალე გამოცხადდება, ჰორმუზის სრუტეც გაიხსნება - დონალდ ტრამპი

 ტრამპი

შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის განცხადებით, შეთანხმების საბოლოო დეტალები განიხილება და მალე გამოცხადდება.

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან ირანსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმს ეხება.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის ლიდერთანაც.

„შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია და მისი საბოლოო გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს. ცალკე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ „ბიბი“ ნეთანიაჰუსთანაც, რომელიც ასევე ძალიან კარგად წარიმართა. შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. შეთანხმებით, სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.