სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს.

„სამიზნეები ის გემები იქნებიან, რომლებიც მოქმედებენ იმ ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც ძარცვა და მეკობრეობა ოფიციალურ პოლიტიკად გამოაცხადეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის მიდგომა გემების ჩამორთმევაზე სახიფათო გზად შეაფასა.

„მათ ფაქტობრივად დააწესეს აკრძალვა რუსეთიდან ენერგორესურსებით ვაჭრობაზე. ნებისმიერი გემი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის წესებს, მიუხედავად იმისა, თუ რა დროშის ქვეშ დაცურავს, ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად არის მოხსენიებული. ეს ძალიან სახიფათო გზაა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ევროპული ქვეყნები რუსულ სავაჭრო გემებს დააკავებენ, რუსეთი ანალოგიურად უპასუხებს.