საქმროს მკვლელობის საქმეზე პატარძალი დააკავეს - დეტალებზე უცხოური მედია წერს

პატარძალი

ინდოეთში მაჰარაშტრას შტატიდან მყოფი პატარძლის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რომელმაც საყვარელთან ერთად საქმრო კლდიდან გადაჩეხა. ამის შესახებ The Times of India წერს.

18 ივნისს, ქალაქ პუნადან 20 წლის სია გოიალი და მისი 26 წლის საქმრო, კეტან აგარვალი, ცნობილ „რკინის ფორტში“ (ლოჰაგადის ციხესიმაგრე) ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარე უძველეს მთის ციხესიმაგრეში გაემგზავრნენ. მალევე გოგონამ განაცხადა, რომ მისი საქმრო ფოტოების გადაღებისას კლდიდან გადავარდა. ახალგაზრდა კაცის ახლობლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ გოიალმა ის თავიდან მოიშორა. გაირკვა, რომ მას ფარული საყვარელი, ჩეტან ჩოუდჰარი ჰყავდა. დაკავების შემდეგ მათ დანაშაული აღიარეს და ბრალის ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს.

თავდაპირველად გოიალი ამტკიცებდა, რომ აგარვალი კლდიდან მისმა საყვარელმა გადააგდო, თავად კი მკვლელობის წინააღმდეგი იყო. თუმცა, საბოლოოდ გოგონამ აღიარა, რომ თავდასხმა ჩოუდჰარისთან ერთად დაგეგმა. პოლიციამ დაადგინა, რომ გოგონამ საყვარელს ნიშანი მისცა, მიწაზე დაჯდა, რის შემდეგაც კაცმა აგარვალი უფსკრულში გადაჩეხა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ საყვარლებმა ამ გეგმის განხორციელება მანამდე უკვე ორჯერ სცადეს, თუმცა ორჯერვე ჩაეშალათ. ერთ-ერთი ვერსიით, გოიალს აგარვალის თავიდან მოცილება იმიტომ სურდა, რომ ის მალულად პარიკს ატარებდა. თუმცა, ახალგაზრდა კაცის მამამ განაცხადა, რომ გოგონამ იცოდა საქმროს გამელოტების პრობლემის შესახებ და პარიკის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. გოიალის მამამ კი თქვა, რომ მისმა შვილმა ყველაზე მკაცრი სასჯელი უნდა მიიღოს. „კეტანი ჩემი შვილივით იყო, ამ ტრაგედიამ ორივე ოჯახი შეძრა. ქორწილისთვის ვემზადებოდით“, - თქვა მამაკაცმა.

გოიალი და აგარვალი თებერვალში დაინიშნენ და ქორწილი ნოემბერში ჰქონდათ დაგეგმილი. მათი ქორწინება მშობლების მიერ იყო ორგანიზებული. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგონა ქორწილის წინააღმდეგი ყოფილიყო.