საოჯახო საქმეებისთვის თავის არიდების გამო კაცს ყოფილი ცოლისთვის $215 000-ს გადახდა დაეკისრა

ქალი

საოჯახო საქმეებისთვის თავის არიდების გამო კაცს ყოფილი ცოლისთვის $215 000-ს გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. განაჩენი ესპანეთის სასამართლომ გამოიტანა.

48 წლის ივანა მორალი აცხადებს, რომ 25-წლიანი ქორწინების განმავლობაში საოჯახო საქმეების შესრულებაზე ყოფილი ქმარი უარს სისტემატურად აცხადებდა, მათ შორის, ის არც კომუნალურ გადასახადებს იზიარებდა ქალთან. მორალი ქმართან 2020 წელს განქორწინდა და პროცესის დასრულებისთანავე სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ქალი ამბობს, რომ ყოფილი ქმრის მიერ თავიდან არიდებული საქმეების გამო მას კარიერულად ხელი შეეშალა, რადგან განვლილი 25 წლის განმავლობაში სწავლის გასაგრძელებლად თავისუფალი დრო ვერ გამონახა და, ამასთან, ქმარი მის კარიერულ წინსვლას მხარს არც უჭერდა. გარდა ამისა, წყვილს თანაცხოვრებისას სპორტული დარბაზების საოჯახო ბიზნესი ჰქონდა, თუმცა ქმარი პასუხისმგებლობას არც ამ ნაწილში იზიარებდა.

„მედიასთან საუბარი გადაწყვიტე, რათა ყველა ქალმა იცოდეს, რომ ოჯახი საერთო პასუხისმგებლობაა და საქმეების ცალმხრივად შესრულება დაუშვებელია", - ამბობს ივანა მორალი.

ქალის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ქალების საერთო გამარჯვებაა და იურიდიულადაც გაფორმდა, რომ დიასახლისობა არჩევანია და არა ვალდებულება.