სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ძიძას, რომელმაც 22 თვის ბავშვზე იძალადა და მოკლა (უცხოეთი)

ძალადობა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მყოფ ქალს, რომელმაც 22 თვის ბავშვი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ბავშვის ძიძა იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ქალს თავდაპირველად ბრალი 2022 წლის ივნისში, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ წაუყენეს. ოფიციალური პირების თქმით, ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც ცნობილია, ქალმა ბავშვის დედას დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვს საპნის გადაყლაპვის შემდეგ ალერგიული რეაქცია ჰქონდა​. თუმცა, დედის თქმით, სახლში მისვლისას კაირის კრუნჩხვები ჰქონდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მას თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, ყურებიდან სისხლი სდიოდა და სასწრაფოდ ტვინის ოპერაცია დასჭირდა“, - განაცხადა მაშინ ექიმმა.

ძიძას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

„დღეს გამოტანილი განაჩენი ასახავს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ბრალდებულის ქმედებებმა უდანაშაულო ბავშვის ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია და სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე მიუსაჯა, რათა სრულად დაეკისროს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პროკურორმა.