საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსის“ აფეთქება მოხდა, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადასულიყო - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

კრუიზი

საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსის“ აფეთქება მოხდა, შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადასცემოდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაავადდა. ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევას ერთმანეთთან ძალიან ახლო კონტაქტი ჰქონდა და რა თქმა უნდა, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, ამიტომ სიფრთხილის მიზნით, ჩვენ სწორედ ამას ვვარაუდობთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ.

თითქმის 150 ადამიანი, მათ შორის 17 ამერიკელი, კვლავ ჩარჩენილია გემ MV Hondius-ზე, რომელიც ამჟამად დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან იმყოფება.

გემი, რომელსაც ტურისტული კომპანია Oceanwide Expeditions მართავს, გასულ თვეში არგენტინის ქალაქ უშუაიადან ატლანტის ოკეანეში გაემგზავრა და მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუნძულებთან გაჩერდა.

კომპანიის ცნობით, გზად რამდენიმე მგზავრი სწრაფად პროგრესირებადი სასუნთქი გზების დაავადებით დაავადდა.

ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, იშვიათი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 4 მაისს განაცხადა, რომ მათგან ორი დადასტურებულია, ხუთი კი საეჭვოა. სამი ადამიანი – ჰოლანდიელი წყვილი და გერმანიის მოქალაქე – გარდაიცვალა, ხოლო ერთი ბრიტანელი მოქალაქე სამხრეთ აფრიკაში რეანიმაციაში რჩება. ვან კერხოვეს თქმით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, გემზე „ჰანტავირუსის“ სიმპტომებით კიდევ ორი ადამიანი რჩება, თუმცა ამჟამად მათი სამედიცინო ევაკუაცია მიმდინარეობს.

„საზოგადოებისთვის რისკი დაბალია. ეს არ არის ვირუსი, რომელიც გრიპის ან „COVID“-ის მსგავსად ვრცელდება. ის საკმაოდ განსხვავებულია“, – აღნიშნა ვან კერხოვმა.