სახელმწიფო დეპარტამენტი: აუცილებელია კოორდინაციის გაღრმავება საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც საზღვრებს არ ცნობს

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 ივლისს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით მინისტერიალში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მიიღებს.

ღონისძიების მიზანია ამ განახლებული საფრთხის შეფასება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მტკიცე, კოორდინირებული მოქმედებების წახალისება, რათა დაიხუროს ის ხარვეზები, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებები კვლავ აქტიურად იყენებენ.

დეპარტამენტის განცხადებით, შეინიშნება უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის რეციდივი, რაც დასავლეთ ნახევარსფეროში, ევროპაში, აზიასა და სხვა რეგიონებში ძალადობრივი აქტებით ვლინდება.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაციისკენ მიმართული იდეოლოგიური სტრატეგია, რომლის სამიზნეშიც ექცევა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, კერძო პირები, სამთავრობო მოხელეები, პოლიცია, ბიზნესი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

აშშ ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან როლს იკავებს და 2025 წლის ნოემბრიდან ვაშინგტონმა ოთხი მემარცხენე რადიკალური დაჯგუფება, კერძოდ Antifa Ost, არაფორმალური ანარქისტული ფედერაცია/საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი, შეიარაღებული პროლეტარული სამართლიანობა და რევოლუციური კლასობრივი თავდაცვა, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად და გლობალურ ტერორისტებად გამოაცხადა.
ამასთან, აშშ-მა დააწესა 10 მილიონ დოლარამდე ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ამ დაჯგუფებების ფინანსური მექანიზმების შეფერხებას შეუწყობს ხელს.

ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა ჩაატარა მთელი რიგი შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავებთან და კონტრტერორისტულ სამსახურებთან, მათ შორის 2026 წლის მაისში გამართული კონტრტერორისტული სამუშაო შეხვედრა, სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენლებმა საუკეთესო პრაქტიკები გაცვალეს.

დაგეგმილი მინისტერიალი სწორედ ამ თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად, სადაც მარკო რუბიო ხაზს გაუსვამს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის გაღრმავების აუცილებლობას ძალადობრივი აქტივობების აღსაკვეთად, ტერორისტული დაფინანსების შესაწყვეტად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც საზღვრებს არ ცნობს.