საფრანგეთში როდენის დაკარგული ქანდაკება იპოვეს - მფლობელებს ის ასლი ეგონათ და პიანინოზე ედოთ

როდენის დაკარგული ქანდაკება

საფრანგეთში შემთხვევით აღმოაჩინეს ოგიუსტ როდენის ქანდაკება, რომელიც 1906 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა - წლების განმავლობაში, ის ინახებოდა ოჯახში, რომელიც ქანდაკებას ასლად მიიჩნევდა.

ქანდაკება სახელწოდებით Le Désespoir („სასოწარკვეთილება“) მარმარილოსგან 1892 წელს გამოიძერწა. ბოლო მონაცემები მის შესახებ 1906 წლით თარიღდება, როდესაც ის აუქციონზე გაიყიდა.

ქანდაკების მფლობელებმა მისი ღირებულების შესახებ არაფერი იცოდნენ და ფიგურა პიანინოზე, ოჯახური ფოტოების გვერდით ედოთ.

ქანდაკების ავთენტურობა „როდენის კომიტეტში“ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ნამუშევარი როდენის კარიერის „ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს მიეკუთვნება“. „სასოწარკვეთილება მონუმენტური ნამუშევრის „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ ნაწილი უნდა გამხდარიყო.

ხელახლა აღმოჩენილი Le Désespoir-ი აუქციონზე 984 ათას დოლარად გაიყიდა. ის ახალგაზრდა ამერიკელმა ბანკირმა შეიძინა.