საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპას აქვს უფლება, აშშ-ის წინადადებებს უარი უთხრას, თუ ის მიუღებელი იქნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს უფლება, გადახედოს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობებს, თუმცა ევროპასაც აქვს უფლება, თქვას „არა“, თუ ვაშინგტონი მიუღებელ წინადადებას წამოაყენებს. ამის შესახებ BMFTV იუწყება.

ფრანგი დიპლომატების წინაშე გამოსვლისას ბარომ აღნიშნა, რომ ორი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი „წარსულს ჩაბარდა“ და ახლა ევროპის მომავალი „კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“. ამ კონტექსტში მან აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ახსენა.

„რამდენიმე თვეში ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა – და ეს მისი უფლებაა – გადაიაზროს ის კავშირები, რომლებიც გვაერთიანებს. თუმცა ასევე ჩვენი უფლებაა, ვუთხრათ „არა“ ისტორიულ მოკავშირეს, როგორი ისტორიულიც არ უნდა იყოს, თუ მისი წინადადება მიუღებელია“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აშშ-ის მხრიდან გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობაზე საუბრობენ.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები განიხილავენ გრენლანდიის შეძენის რამდენიმე ვარიანტს და „ამერიკული შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ერთ-ერთ ვარიანტად რჩება“.