1727944755
საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ბიურომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა.
„უფლებათა კავშირი რესპუბლიკისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერიკ ჩიოტიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დამტკიცდა 12 ხმით 10-ის წინააღმდეგ. მაკრონის თანამდებობიდან გადაყენების წინადადება მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ წამოაყენა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემდგომი ეტაპის ფარგლებში საკითხი განსახილველად იურიდიულ კომისიაში გაიგზავნება, სადაც 73 დეპუტატიდან მემარცხენეებს მხოლოდ 24 ადგილი აქვთ. კომისიაში დამტკიცების შემთხვევაში, 385 დეპუტატისგან შემდგარმა ეროვნული ასამბლეის ორმა მესამედმა მას ორი კვირის განმავლობაში უნდა დაუჭიროს მხარი.
ბოლო ორი ეტაპი ასევე უნდა გაიაროს პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში, სადაც მემარცხენეებს უმრავლესობა არ აქვთ. თუ ტექსტს სენატი დაამტკიცებს (232 ხმა), ორივე პალატა შეიკრიბება ერთობლივ სხდომაზე, რეზოლუციას ორივე პალატის 925 პარლამენტარიდან 617-მა უნდა დაუჭიროს მხარი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადადგება.
პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ 21 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. პროცედურის ინიციირების მიუხედავად, მემარცხენე პარტიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიის, „ეროვნული კრების“ წევრმა, მარინ ლე პენმა და განაცხადა, რომ სწორედ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ დაეხმარა ემანუელ მაკრონს 2017 და 2022 წლებში. მარინ ლე პენის მტკიცებით, მემარცხენეების დაყოფის გათვალისწინებით ინიციატივას წარმატების შანსი არ აქვს.
იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული ინიციატივით პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად 7 ივლისის არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის მემარცხენე კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი განაცხადა.
მემარცხენეებმა პირველი პირის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში ძალისმიერი გადატრიალების უპრეცედენტო მცდელობად შეაფასეს.
იმპიჩმენტის შესახებ დოკუმენტს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კანცელარია 11 სექტემბერს განიხილავს. ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის თაობაზე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პეტიციას უკვე 200 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.