წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები
1783936482
საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთით მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. „ბიბისის“ ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება სტიქიას „საშიშსა“ და „მასშტაბურს“ უწოდებს.
როგორც მედია წერს, ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩასაქრობად სასწრაფოდ გააგზავნეს ორი თვითმფრინავი. ხანძარმა სერიოზულად შეაფერხა სატრანსპორტო მოძრაობა. ნაწილობრივ გადაკეტილია ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს.
მანამდე ხანძრის გამო პარიზიდან აღმოსავლეთის მიმართულების ავტომაგისტრალიც პარალიზებული იყო. შეფერხებით მუშაობს საფრანგეთის სამხრეთისკენ მიმავალი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზიც.
საფრანგეთის რკინიგზის ინფორმაციით, პარიზის ლიონის სადგურზე მიმავალი მატარებლები ექვსი საათის დაგვიანებით ასრულებდნენ რეისებს.
ფონტენბლოს ტყე, სადაც ხანძარი მძვინვარებს, პარიზიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა 800 ჰექტარზე და მისი ფართობი კვლავ იზრდება.
ამჟამად პარიზის რეგიონში ცხელი და მშრალი ამინდია.
ცნობისთვის, ზაფხულში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, რასაც რამდენიმე მასშტაბური ტყის ხანძარი მოჰყვა. ესპანეთის ქალაქ ალმერიაში ტყის ხანძარს, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდ ბრიტანეთში კი მეხანძრეები ინგლისისა და უელსის სხვადასხვა რეგიონში ებრძოდნენ ხანძრებს.