საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს

წვრთნები

ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს და მზადაა, მასში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.

„საფრანგეთი გრენლანდიაში ნატო-ს წვრთნების ჩატარებას ითხოვს და მონაწილეობის მისაღებად მზადაა“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად შორს წავიდოდა გრენლანდიის მისაღებად, უპასუხა, „ამას თავად გაიგებთ“.

„ვფიქრობ, მოხდება ისეთი რამ, რაც ყველასთვის ძალიან დადებითი იქნება. გრენლანდიასთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ჩემი აზრით, ყველაფერი საკმაოდ კარგად წარიმართება. ვფიქრობ, ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ რამეს, რითიც ნატო ძალიან ბედნიერი იქნება და ჩვენც ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.