საჩუქრები სააკაშვილის ოჯახისგან და ბინები კიევში - ლიზა იასკოს ქონებრივი დეკლარაცია ყურადღების ცენტრში მოექცა

იასკო

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ქონებრივი დეკლარაცია ყურადღებას იქცევს. მიხეილ სააკაშვილის პარტნიორის მიერ 2026 წლის 1-ლი ივლისს წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მან ივნისის ბოლოს კიევში 12.5 კვადრატული მეტრის ფართობის პარკინგის ადგილი შეიძინა.

უკრაინის ერთიანი სახელმწიფო დეკლარაციების რეესტრში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იასკომ პარკინგის საკუთრებაში მიღება 2026 წლის 29 ივნისს დააფიქსირა. ობიექტის ღირებულებად მითითებულია 1 025 000 უკრაინული გრივნა.

დოკუმენტის მიხედვით, თანხის უზრუნველყოფის გადახდა მანამდე, 9 ივნისს, განხორციელდა. დეკლარაციაში პარკინგის წყაროდ მითითებულია უკრაინაში რეგისტრირებული იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება „დახურული არადივერსიფიცირებული ვენჩურული კორპორაციული საინვესტიციო ფონდი „ნოტერი“.

მნიშვნელოვანია, რომ საუბარია 1.025 მილიონ გრივნაზე და არა მილიონ დოლარზე.

იასკოს სხვა უძრავი ქონება

ლიზა იასკოს 2025 წლის წლიურ დეკლარაციაში, რომელიც 2026 წლის 26 მარტს წარადგინა, რამდენიმე უძრავი ქონების ობიექტიც ფიქსირდება.

დოკუმენტის თანახმად, იასკოს ეკუთვნის:

57.2 კვ.მ ფართობის ბინა კიევში, რომელიც 2024 წლის 3 სექტემბერს შეიძინა. დეკლარირებული ღირებულება 2 042 610 გრივნა;
12.7 კვ.მ პარკინგის ადგილი კიევში, რომელიც 2025 წლის 2 აპრილს შეიძინა. ღირებულება 300 000 გრივნა;
37.8 კვ.მ ბინა კიევის ოლქში, რომელიც იასკომ 2015 წელს შეიძინა და დეკლარაციაში 145 455 გრივნად არის შეფასებული.

დეკლარაციაში ასევე ფიქსირდება 97.2 კვ.მ ფართობის ბინა კიევში, რომლის მესაკუთრე იასკოს ქალიშვილი, ჟასმინ იასკოა. გოგონამ 2023 წელს მიხეილ სააკაშვილის დედისგან, გიული ალასანიასგან, საჩუქრად მიიღო 97.2 კვ.მ ბინა, რომლის ღირებულებად 5.61 მილიონი გრივნაა მითითებული  დაახლოებით $136,000.