რუსეთმა აშშ-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ ცნობები გადასცა - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთმა აშშ-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ ცნობები გადასცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთმა აშშ-ს, გაეროსა და ეუთოს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ, რაც არსებული მორატორიუმის დარღვევაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა პრეზიდენტს მოახსენა უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ.

„დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც ანდრეი ბელოუსოვმა წარმოადგინა, ჩვენ გადავეცით აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს. მე ეს ჩამონათვალი გავუგზავნე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ჩვენ ასევე გავუგზავნეთ ჩვენს წარმომადგენლებს გაეროსა და ეუთოში, რათა მათ კონკრეტული ფაქტებით აჩვენონ, რა ფასი აქვს ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლების სიტყვას, თუ შეიძლება, მას ხელისუფლება ეწოდოს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ არღვევს მორატორიუმს.